ტრანსპორტირება პლანეტებს შორის

გიოცნებიათ როდესმე მზის სისტემაში მოგზაურობაზე? ერთი შეხედვით, შეიძლება ეს ძალიან შორეულ პერსპექტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ იფიქრეთ იმაზე, რომ საუკუნეების წინ ზუსტად ასეთივე მიუღწეველი იყო გადაადგილება ერთი კონტინენტიდან მეორეზე.

მეცნიერები, ინჟინრები და გამომგონებლები დიდი ხანია გეგმავენ ადამიანური ცივილიზაციის გაფართოების გზებზე. მათ შორის ყველაზე თამამმა, ილონ მასკმა 2016 წელს თქვა რომ პლანეტათაშორის მოგზაურობისთვის მხოლოდ ოთხი ელემენტი გვჭირდება.

ესენია: რაკეტის გამაძლიერებელი, რაკეტა, ტანკერი და საწვავი ქარხანა კოსმოსში.

„როდესაც ეს ოთხი ელემენტი გაქვს, მზის სისტემის ნებისმიერ წერტილში შეგიძლია მოხვდე. მაგალითად, თუ შეგიძლია საწვავის მარაგი იუპიტერის რომელიმე მთვარეზე შეივსო, უპრობლემოდ იმგზავრებ მარსიდან იუპიტერზე და – უკან.“

ილონ მასკის კომპანია „Space X“ დღესაც მუშაობს ამ ოთხ კომპონენტზე. ექსპერიმენტის საბოლოო მიზანი მარსზე კოლონიის შექმნაა. მათი ანგარიშით მარსამდე რომ მისაღწევად კოსმოსურ ხომალდს 100,799 კმ/სთ სიჩქარის განვითარება დასჭირდება.

თუ მოვლენები მასკის გეგმით განვითარდება, მარსზე პირველი ეკიპაჟი 2026 წლამდე გაემგზავრება. მოგზაურობა დაახლოებით 200-250 დღე გაგრძელდება (ხანგრძლივობა დამოკიდებულია პლანეტების მოძრაობაზე).

რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?

იმისათვის, რომ პლანეტებს შორის მოგზაურობა რეალობად იქცეს, კიდევ რამდენიმე საკითხის მოგვარებაა საჭირო.

ტრანსპორტირება

პირველმა ეკიპაჟმა უნდა შექმნას ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მარსმა შეძლოს დედამიწიდან ტვირთის გარკვეული პერიოდულობით მიღება. Space X-ის პირველი სატვირთო რაკეტა სავარაუდოდ 150 000კგ ტვირთის გადატანას შეძლებს პლანეტებს შორის.

უფრო მოგვიანებით, აუცილებელი იქნება მარსის კოლონიამ თვითონ აწარმოოს საჭირო ტექნიკა, საკვები და სხვა პროდუქტი 3D პრინტერების გამოყენებით.

რაკეტა

პლანეტათაშორისი მოგზაურობა ძვირია. დღევანდელი ტექნოლოგიის გათვალისწინებით ორმხრივ მგზავრობას მარსზე 400-500 მილიარდი დოლარი სჭირდება. იმისათვის რომ ეს თანხა შემცირდეს, აუცილებელია მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებისა და მათი ნაწილების შექმნა.

SpaceX-მა ეს ნაწილობრივ უკვე გააკეთა, თუმცა ხომალდი Falcon 9 ჯერ მაინც არაა მზად მარსზე წასვლისა და უკან დაბრუნებისთვის.

ადამიანური რესურსი

200-250 დღიანი მოგზაურობა წითელი პლანეტის მიმართულებით ძალიან მოსაწყენი იქნება. რთულია წინასწარ განვსაზღვროთ როგორი იქნება იმ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლებიც პირველად გაივლიან ამ ხანგრძლივ გზას ბნელ და უკაცრიელ კოსმოსში. დიდი შანსია მათი მენტალური და ფიზიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდეს, განუვითარდეთ დეპრესია ან  ყურადღების დეფიციტი.

ასტრონავტები ხანგრძლივ და მრავლისმომცველ მომზადებას გადიან კოსმოსში გასვლამდე, თუმცა დედამიწაზე მარსის პირობების ზუსტად გამეორება რთულია.

ილონ მასკი არც ამ გამოწვევას უშინდება. პირველი ეკიპაჟისთვის თავის რაკეტაში ის სათამაშო სივრცის, კინოთეატრის, რესტორნის, სალექციო ოთახისა და სატრენაჟორო დარბაზის მოწყობას აპირებს. მისი აზრით, თუ მარსზე იმ ადამიანებს გავუშვებთ, ვისაც მართლა აინტერესებს ახალი პლანეტის აღმოჩენა, ისინი მშვენიერ დროს გაატარებენ მზის სისტემაში.

რადიაცია

კოსმიურმა რადიაციამ შეიძლება მხედველობის დაზიანება, კიბო და სკლეროზი გამოიწვიოს. მარსამდე მგზავრობის დროს მიღებული რადიაცია 15-ჯერ აღემატება რადიაციას, რასაც ატომურ სადგურზე მომუშავე ადამიანები მთელი წლის მანძილზე იღებენ.

რადიაციისგან დამცავი ჯავშანი ხომალდის მასას საგრძნობლად გაზრდის, რაც თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ მეტი საწვავი იქნება საჭირო. მეტი საწვავი – მეტ ხარჯს ნიშნავს.

რადიაცია ერთ-ერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად რჩება კოსმოსური მოგზაურობისთვის. დღეს არსებული ჯავშნები მაღალი ფასის მიუხედავად კოსმიურ რადიაციას 100%-ით ვერ უძლებენ.

შემდეგი 10 წლის მანძილზე მეცნიერები შეეცდებიან რადიაციისგან დაცვის უფრო ეფექტურ მექანიზმს მიაგნონ. ერთ-ერთ ვარიანტად გენური ინჟინერიის გამოყენებაც კი მოიაზრება.

ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ შესაძლებელია ადამიანების ახალი რასის შექმნა, რომლებიც მარსის ატმოსფეროში არსებობას შეძლებენ. ამ ექსპერიმენტს განხორციელებამდე უამრავი ეთიკური და ტექნიკური საკითხის გადალახვა მოუწევს.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ პლანეტებს შორის მოგზაურობა ჯერ ისევ შორეული პერსპექტივაა. ჩვენს პირველ დანიშნულებამდე – მარსამდე ჯერ კიდევ ბევრი აღმოჩენა და გამოგონება გვაშორებს.

„მომავალი გაცილებით უფრო საინტერესო იქნება, თუ ჩვენ კოსმოსური, მულტი-პლანეტური ცივილიზაცია გავხდებით… მე ხშირად ვეუბნები ადამიანებს, რომ უცხოპლანეტელი ვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი არავის სჯერა.“ ილონ მასკი

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY