ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობა საქართველოსთვის

2020 წელს საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება იგეგმება. პორტის კონცეპტუალურ დიზაინზე მუშაობა უკვე დასრულებულია და ინვესტიციის საერთო რაოდენობა 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

პროექტის ავტორების თანახმად, მომავალ წელს ანაკლია მზად იქნება მიიღოს 10 000 კონტეინერიანი გემები, ხოლო 60 ჰა სახმელეთო ტერიტორიაზე საკონტეინერო ტერმინალი განათავსოს, რომელიც 1.5 მილიარდ ტონა ტვირთს და 900 000 კონტეინერს დაიტევს. პროექტი სულ მშენებლობის 9 ფაზისგან შედგება.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს მთავრობასთან ერთად აშენებს, რომლის დამფუძნებელი, ძირითადი პარტნიორი და პროექტების დეველოპერი „TBC Holding“-ია. კონსორციუმი ასევე აერთიანებს საერთაშორისო პარტნიორებს – SSA Marine-ს (აშშ), British Wondernet Expres-ი (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd.-ი(ბულგარეთი).

პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს ისტორიული ფუნქციის დაბრუნებაა – მისი, როგორც მთავარი დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია ევროპასა და აზიას შორის.

საქართველო ახალი აბრეშუმის გზის სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთზე მდებარეობს. ესაა ყველაზე მოკლე მარშრუტი ჩინეთსა და ევროპას შორის. პორტი მთლიანობაში 147 მილიონ ადამიანს მოემსახურება კავკასიის რეგიონში, ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ ირანში.

გარდა ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა, ანაკლიის პორტის პროექტი სხვა უპირატესობებითაც ხასიათდება. თანამედროვე ტექნიკა, ინფრასტრუქტურა და უმაღლესი ხარისხის მომსახურება უზრუნველყოფს მის პროდუქტიულობას, ეფექტურობასა და საიმედოობას. კონსორციუმის დამფუძნებლებისა და საერთაშორისო პარტნიორების საბოლოო მიზანი პორტის საერთაშორისო კლასის კომპლექსად ჩამოყალიბებაა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებასთან ერთად მოიაზრება ქალაქი ანაკლიის განვითარებაც. ანაკლია სითი მიიღებს სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსს და ამის საშუალებით შეძლებს განვითაროს საპორტო ინფრასტრუქტურა, რაც ათასობით ადამიანის დასაქმებას გულისხმობს. პორტის დასრულების შემდეგ, ანაკლია სასურველი ბიზნეს-ადგილმდებარეობა იქნება იმ საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებიც ქალაქის სტრატეგიული მდებარეობით ისარგებლებენ.

ანაკლიის პორტი პირველი ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საქართველოში, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის ეკონომიკური წინსვლისა და მდგრადი განვითარების გარანტი იქნება.

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY