ბერმუდის სამკუთხედში დაკარგული გემი 90 წლის შემდეგ ნაპირზე დაბრუნდა
კუბის სანაპიროებთან მესაზღვრეებმა იპოვეს გემი, რომელიც ბერმუდის სამკუთხედში თითქმის ერთი საუკუნის წინ გაუჩინარდა. ჰავანას სამხრეთ სანაპიროებთან ძველი ხომალდი პირველად სასაზღვრო პოლიციამ დააფიქსირა.
კონტაქტის დამყარების უშედეგო მცდელობის შემდეგ, ადგილზე მისულ მესაზღვრეებს უკვე ჟანგმოკიდებული, ცარიელი გემი დახვდათ, რომელსაც ერთი შეხედვით ეტყობოდა, რომ ათწლეულების მანძილზე იყო მიტოვებული.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამერიკული გემი „Cotopaxi” 1925 წლის 1 დეკემბერს გაურკვეველი მიზეზების გამო გაქრა რადარებიდან.
ერთ-ერთ კაიუტაში კაპიტნის დღიურიც იპოვეს. დღიური ბევრ დეტალს აღწერდა მეზღვაურების ყოველდღიური ცხოვრებიდან, თუმცა ყველაზე საინტერესო აქ გაკეთებული ბოლო ჩანაწერი იყო, რომელიც კაპიტანმა გემის გაუჩინარების დღეს გააკეთა.
კაპიტანი წერდა, რომ გემი იძირებოდა, თუმცა რატომ ვერ შეძლეს მეზღვაურებმა დახმარების თხოვნის სიგნალის გაგზავნა სანაპიროზე – უცნობია. სწორედ ამიტომ შეუერთდა ამერიკული „Cotopaxi” ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებებით მოცული მსხვრეპლების რიგებს.
შეგახსენებთ, რომ ბერმუდის სამკუთხედი მოიცავს სივრცეს ბერმუდის კუნძულების, მაიამისა და პუერტო რიკოს მიმდებარედ. გავრცელებული ურბანული მითების თანახმად, ამ რეგიონში უამრავი ხომალდი და თვითმფრინავი გამქრალა გარკვეველ ვითარებაში, რაც ხან უცხოპლანეტელებს ბრალდებათ, ხან მაგნიტურ ველებს და ხან – პორტალებს პარალელურ სამყაროებში.
თანამედროვე მეცნიერები კი გვირჩევენ არ ვენდოთ მსგავს თქმულებებს. ისინი ამტკიცებენ, რომ თუ დეტალურად შევისწავლით ბერმუდის სამკუთხედში მომხდარ „ამოუცნობ“ ფაქტებს აღმოვაჩენთ, რომ ბევრ მათგანს მარტივი მეცნიერული ახსნა აქვს, ზოგი კი სულაც არ მომხდარა ამ ტერიტორიაზე.
რთულია ვიმსჯელოთ საუკუნის წინ მომხდარ ინცინდენტებზე, თუმცა, ფაქტია, რომ ბერმუდის სამკუთხედი ლოჯისტიკურად საკმაოდ დატვირთული არეალია, სადაც ყოველდღიურად უამრავი სატრანსპორტო საშუალება სრულიად უპრობლემოდ გადაადგილდება.