ჰაიპერლუპით მგზავრობა 2030 წელს იქნება შესაძლებელი

2030 წელი, ორშაბათი. თქვენ გამოდიხართ სახლიდან, ჩადიხართ გვირაბში, სხდებით უჟანგავი ფოლადის კაფსულაში და 1000კმ/სთ სიჩქარით მიდიხართ სამსახურში.

ეს ჰაიპერლუპია, მომავლის ტრანსპორტი, რომლის კონცეფციაც 100 წელს ითვლის, თუმცა მისი რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა პირველმა ამერიკელმა მეცნიერმა და ბიზნესმენმა ილონ მასკმა გაბედა.

დიდი კომპანიები სერიოზულ ინვესტიციებს დებენ სხვადასხვა პროექტებში. ჰიპერლუპების შექმნას ცდილობენ ყველგან – დუბაის უდაბნოებში, ევროპულ ფუტურისტულ საწყობებში, ჩინეთში, ინდოეთში და ყველგან, სადაც ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება.

წინა სტატიაში ჩვენ უკვე განვიხილეთ ჰაიპერლუპის მუშაობის მექანიზმი. მას შემდეგ ტექნოლოგია მნიშვნელოვნად დაიხვეწა და განვითარდა. იდეის მომხმრეები ჰაიპერლუპს დღეს ავიაციაზე ეფექტურ და რკინიგზაზე უფრო სწრაფ ალტერნატივად მიიჩნევენ, მაგრამ იქნება თუ არა ეს ტრანსპორტირების რეალური ფორმა 10 წლის შემდეგ?

ტრანსპორტი მომავლიდან

ჰაიპერლუპის კონცეფცია ახალი არაა. მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისში რამდენიმე მეცნიერი და ინჟინერი ცდილობდა ტვირთის გადატანას ვაკუუმის საშუალებით. ამ გამოგონების თანამედროვე ვერსიის მხარდასაჭერად, ილონ მასკი ამბობდა:

„ჰაიპერლუპი იქნება ავტომიბილისა და ფრენის ალტერნატივა, მაგრამ, ამისათვის ის უნდა იყოს უფრო უსაფრთხო, იაფი, სწრაფი, მოსახერხებელი, ეფექტური, მდგრადი, უნდა უძლებდეს ყველანაირ ამინდს და ბუნებრივ მოვლენას.“

პირველი პრეზენტაციიდან ხუთი წლის შემდეგ, მილიარდერი ამბობს, რომ იდეის რელობაში გადმოტანას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე თავიდან იყო ჩაფიქრებული.

ჰაიპერლუპი, პირველ რიგში, ძალიან მიმზიდველი იდეაა. უსწრაფესი მგზავრობა ჰაერში მოლივლივე, ფუტურისტულ კაფსულაში ის გამოცდილებაა, რომლითაც უამრავი ადამიანი დაინტერესდა.

თუ კლაუსტრაფობია არ გაწუხებთ, არანაკლებ მიმზიდველია დროის დაზოგვის ფაქტორიც. 1000კმ/სთ სიჩქარით მგზავრობა იმას გულისხმობს, რომ თქვენ ასცდებით გადატვირთულ გზებს და დანიშნულების ადგილამდე ბევრად უფრო სწრაფად და მშვიდად მიხვალთ, თანაც, გზაში თავს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის გმირად იგრძნობთ.

უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იქნება მეტრო თვითმფრინავის სიჩქარით. კომპანიები, რომლებიც ინვესტიციას ამ მიმართულებით დებენ ფიქრობენ, რომ ჰაიპერლუპის ქსელი მეტროს პრინციპით იმუშავებს და ბილეთებსაც შესაბამისი ფასი ექნებათ.

მდგრადი ალტერნატივა

21-ე საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაბინძურების ფაქტორიც. ტრანსპორტირების მეთოდებში ამ მხრივ ყველაზე დამაზიანებელი ავიაციაა.

იქნება თუ არა ჰაიპერლუპი უფრო „მწვანე“? დიახ, ოღონდ არა – საწყის ეტაპზე. კაფსულების ტესტირება და ინფრასტრუქტურის მოწყობა დიდ ენერგიას და რესურსს მოითხოვს. მომავალში, როდესაც ის მეტროს სახეს მიიღებს, მიიჩნევა, რომ 10-ჯერ უფრო ენერგოეფექტური იქნება ვიდრე თვითმფრინავი და მატარებელი.

ავიაციას ჰაიპერლუპი, სავარაუდოდ, სრულად ვერ ჩაანაცვლებს. კონტინენტთაშორისი გვირაბების გაყვანა ძალიან რთული და ძვირი პროექტი იქნება, ამიტომ მეცნიერები მას შიდა, მოკლე ფრეენბის ალტერნატივად მიიჩნევენ.

უსაფრთხოება

რამდენიმე კითხვა არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ჰაიპერლუპით მგზავრობას შეძლებს ყველა ადამიანი, რომელსაც თვითმფრინავით მგზავრობა შეუძლია. ზოგი კი ამ საკითხს უფრო ფრთხილად ეკიდება და კაფსულაში შესვლას არ ურჩევს მოხუცებს, ბავშვებს, ორსულებს და კარდიოლოგიური დაავადებების მქონე პირებს.

ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშაა ევაკუაციის შესაძლებლობაც. კაფსულამ და გვირაბმა უნდა გაუძლოს მიწისძვრას და სხვა ბუნებრივ კატასტროფებს, თუმცა ამის მიუხედავად, მგზავრებს უნდა ჰქონდეთ ევაკუაციის საშუალება, საჭიროების შემთხვავაში. ამ ეტაპზე უცნობია შესაძლებელია თუ არა ვაკუუმისა და კომპრესირებული ჰაერის პირობებში ამის გაკეთება.

როდის შევძლევთ ჰაიპერლუპით მგზავრობას?

2017 წელს პირველად დაიტესტა ჰაიპერლუპი ნევადაში. კაფსულამ 387 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. მას შემდეგ მეცნიერები და ინჟინრები დაუღალავად შრომობენ, რომ საინტერესო იდეა საზოგადოებრივ ტრანსპორტად აქციონ.

2019 წელს კიდევ ერთი სატესტო ბაზა გაიხსნა ევროპაში, რომლის მიზანიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ჰაიპერლუპის ქსელის შექმნაა.

სხვადასხვა პროექტებზე მუშაობენ საუდის არაბეთსა და ინდოეთშიც. პროექტების დატესტვასა და განხორციელებას მინიმუმ 10 წელი დასჭირდება.

ასე რომ, ვინ იცის, იქნებ 2030 წელს მართლა იყოს შესაძლებელი კომფორტული კაფსულით დედამიწის გარშემო მოგზაურობა.

 

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY