საკონტეინერო კრიზისი – რატომ გაძვირდა საკონტეინერო გადაზიდვები?

მსოფლიო ტვირთების უმრავლესობა კონტეინერების საშუალებით გადაიზიდება. დღეს-დღეობით ამ მეტალის ყუთებზე მოთხოვნა გაცილებით აღემატება მიწოდებას.

როდესაც უპირატესობა ენიჭება გადაზიდვის ტარიფის ხელმისაწვდომობას, ინტერმოდალური კონტეინერის ქირაობა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, თუმცა დღევანდელობაში ეს თითქმის შეუსრულებელი მისიაა – ბაზარზე უბრალოდ არ მოიპოვება საკმარისი რაოდენობის კონტეინერი.

რატომ იზრდება ფასი?

2020 წლამდე ჩინეთის პორტიდან მცურავ გემზე სტანდარტული 40 ფუტიანი (12 მეტრიანი) კონტეინერის ტრანსპორტირება დაახლოებით 1000 დოლარი ღირდა – ამჟამად, 10,000 დოლარზე მეტი უნდა გადაიხადოთ. ასევე, გაიზარდა ქირისა და გადაზიდვის ხარჯები.

ფასების ზრდა ყოველთვის დისბალანსის ნიშანია. ამ შემთხვევაში, ეს არის მოთხოვნის გაზრდის ნიშანი (კონტეინერებზე ან ტრანსპორტირების სივრცეზე) სტაგნაციის ან თუნდაც მიწოდების შემცირებით. სახეზეა გემზე არსებული სივრცის დეფიციტიც.

გლობალური პრობლემები და პანდემია

კონტეინერები თითქმის არასოდეს გამოიყენება ერთჯერადი ტრანსპორტირებისთვის და ისინი გლობალური სისტემის ნაწილია. მაგალითად, როგორც კი ჩინური ან ევროპული  ტვირთით დატვირთული კონტეინერი გადმოიტვირთება ფოთის ან ბათუმის პორტში, ის ახალი საექსპორტო საქონლით იტვირთება და აგრძელებს მოგზაურობას ახალი დანიშნულების პუნქტისკენ.

წელიწადზე მეტია გლობალური გრაფიკის შენარჩუნება დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.  პანდემია, რომელიც 2019 წლის ბოლოს დაიწყო, განაგრძობს გლობალური ვაჭრობის ფუნდამენტურ რღვევას.

პოლიტიკური ფაქტორები

აუცილებლად გასათვალისწინებელია პოლიტიკური ფაქტორიც და მიმდინარე დაძაბული ურთიერთობები ამერიკასა და ჩინეთს შორის. პერმანენტული სანქციების ფონზე, ამერიკამ მკვეთრად შეუმცირა ჩინეთს კონტეინერების მიწოდება, რამაც ავტომატურად გამოიწვია კონტეინერების დეფიციტი და შესაბამისად ფასების მკვეთრი ზრდა.

სუეცის ეპიზოდი

ლოგისტიკის ბოლოდროინდელ პრობლემებზე საუბარი წარმოუდგენელია სუეცის არხის შემთხვევის გახსენების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ არხში გაჭედილი ხომალდის გასათავისუფლებლად ყველა ზომა იყო მიღებული, ინციდენტი ჯერაც არ ამოწურულა. დაგვიანებულმა გემებმა ერთი ან ორი კვირით გვიან მიაღწიეს დანიშნულების ადგილს. შედეგად, ზოგ პორტში დამატებითი საცობები შეიქმნა დიდი რაოდენობის გემების შედინების გამო. გადაიდო ან გაუქმდა ბევრი რეისი, რამაც არაერთი ქვეყნის ეკონომიკა დააზარალა.

სუეცის არხის ბლოკირება მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია გლობალური ლოგისტიკური გეგმის მთლიან სურათში, რომელიც კრიტიკულად შეფერხდა.

სამწუხაროდ, უკვე ნორმად იქცა გემის დაგვიანება. პრობლემა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ რაც აღმოსავლეთ აზიაში წარმოება კიდევ უფრო გააქტიურდა კორონავირუსის პირველი ტალღის ჩახშობის შემდეგ და მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა კონტეინერებზე.

 

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY