ევროპული და ამერიკული სატვირთო მანქანები: მთავარი განსხვავებები
არაა აუცილებელი ლოგისტიკის ექსპერტი იყოთ, რომ ევროპულ და ამერიკულ სატვირთო მანქანებს შორის განსხვავება შენიშნოთ. მიზეზები, რამაც სატვირთო ტრანსპორტის მრავალფეროვნება განაპირობა საკმაოდ საინტერესოა.
პირველი განმასხვავებელი ფაქტორი რასაც მარტივად დაინახავთ, დიზაინია. ევროპულ სატვირთოებში მძღოლის კაბინა ძრავის ზემოთაა განთავსებული. ეს გადაწყვეტილება მთლიან სატვირთოს მართკუთხა ფორმას აძლევს.
ამერიკაში, ავსტრალიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში კი სატვირთოებს ე.წ. კონვენციური კაბინა აქვთ. ეს ნიშნავს, რომ მძღოლის კაბინა ძრავისგან მოშორებითაა მოთავსებული. ორივე გადაწყვეტილებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.
ერთ-ერთი განმასხვავებელი ფაქტორი, რაც ამერიკულ და ევროპულ გადაზიდვების სფეროს ახასიათებს ისაა, რომ ამერიკაში საკმაოდ ბევრი მძღოლი თავადაა სატვირთოს მფლობელი, ევროპაში კი – არა. ეს ადამიანები, ხშირად, თვეობით ცხოვრობენ ამ მანქანებში, ძრავისგან გამოყოფილი კაბინა კი უფრო კომფორტულია, ვიდრე ევროპული ტიპის სატვირთოებში. როგორც წესი, აქ გაცილებით მეტი სივრცეა კაბინის საცხოვრებლად მოსაწყობად. ძრავის წინა ნაწილში გადატანა კი სატრანსპორტო საშუალებაში ასვლასა და ჩამოსვლას ამარტივებს, რადგან კაბინა უფრო დაბლაა განთავსებული.
ამერიკული სატვირთოების კიდევ ერთ უპირატესობად მიიჩნევა ისიც, რომ ძრავის შეკეთება გაცილებით უფრო მარტივია, რადგან მასთან მიდგომა სირთულეს არ წარმოადგენს.
თავისი უპირატესობები აქვთ ევროპულ სატვირთოებსაც – მათი კომპაქტური დიზაინის წყალობით, დიდ ქალაქებში მანევრირება გაცილებით მარტივია. უფრო მოსახერხებელია მათი დაპარკინგება და დატვირთვა-გადმოტვირთვაც.
ევროპული და ამერიკული სატვირთო მანქანების განსხვავებას სხვადასხვა რეგულაციაც განაპირობებს. ევროპის უმეტეს ქვეყნებში ტრაილერის მაქსიმალური სიგრძე 18.75 მეტრია. იმისათვის, რომ მანქანამ მაქსიმალური მოცულობის ტვირთი გადაზიდოს, მძღოლის კაბინა რაც შეიძლება მცირე ადგილს უნდა იკავებდეს.
ამერიკაში მსგავსი შეზღუდვები 1986 წელს გააუქმეს, შესაბამისად მძღოლებს აღარ უწევთ საკუთარ კომფორტზე უარის თქმა.
კიდევ ერთი მიზეზი სიჩქარის შეზღუდვაა. ევროპაში მაქსიმალური სიჩქარე ტრაილერებისთვის 90 კმ/სთ-ია, ამერიკაში კი ზოგიერთ გზებზე 129-137 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობაც დაშვებულია. სწორედ აქ იძენს მნიშვნელობას აეროდინამიკა, რაც ამერიკულ სატვირთოებს უკეთესი აქვთ.
და ბოლოს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამერიკისა და ევროპის გზებს შორის დიდი განსხვავებაა. ამერიკაში როგორც საქალაქო, ასევე შტატთაშორისი გზების უმეტესობა საკმაოდ ფართო და სწორია, ევროპაში კი მძღოლებს ვიწრო ქუჩებთან, რთულ საგზაო პირობებთან და გადავსებულ საპარკინგო ზონებთან გამკლავება უწევთ.