როდემდე გაგრძელდება საკონტეინერო კრიზისი?
საკონტეინერო კრიზისი კიდევ ერთი სირთულეა, რაც მსოფლიო პანდემიამ გამოიწვია. კონტეინერების ნაკლებობამ მათი ფასების ზრდაზე იმოქმედა, რაც თავისთავად აისახა უშუალოდ პროდუქტების გაძვირებაზე.
კონტეინერებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ მსოფლიო მიწოდების ჯაჭვში. ფაქტობრივად ყველა პროდუქტს, რომელიც ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიზიდება, საზღვაო, სახმელეთო თუ სარკინიგზო ტრანსპორტით, კონტეინერი ესაჭიროება.
აზიელი ექსპორტიორები ამბობენ, რომ კონტეინერის მოსაძებნად სამი კვირა სჭირდებათ, ბრიტანეთში კი ეს პერიოდი ორ თვემდეც გრძელდება. პრობლემაა ისიც, რომ კონტეინერების ფასი თითქმის გაორმაგდა.
რამ გამოიწვია კონტეინერების ნაკლებობა?
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მთავარი პრობლემა არა კონტეინერების რაოდენობა, არამედ მათი ადგილმდებარეობაა. მსოფლიოში უამრავი კონტეინერი ისეთ ადგილასაა დაყოვნებული, სადაც არ უნდა იყოს. 2019 წლის ბოლოს აზიიდან მომავალმა გემებმა კონტეინერები ამერიკის პორტებში მიიტანეს, თუმცა სხვადასხვა რეგულაციების გამო მათი ხელახლა დატვირთვა და უკან დაბრუნება ან საერთოდ ვერ, ან დაგვიანებით შეძლეს. კონტეინერების დიდი რაოდენობა მსოფლიო საწყობებში დაგროვდა.
2020 წლის ბოლოს კი ეკონომიკა კვლავ გააქტიურდა და სერვისების ნაკლებობის გამო მზა პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდა. პორტებსა და რკინიგზებს უჭირდათ რიგში ჩამდგარი ხომალდების მენეჯმენტი. გემები, რომლებსაც აღარ შეეძლოთ დღეების განმავლობაში ლოდინი, კონტეინერების გარეშე აგრძელებდნენ გზას. კიდევ უფრო გართულდა სიტუაცია, როდესაც სუეცის არხი 20 000 კონტეინერიანმა Ever Given-მა 6 დღით ჩაკეტა.
როდის დასრულდება კრიზისი?
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრიზისი პანდემიასთან ერთად დამთავრდება 2021 წლის ბოლოს ან 2022 წლის პირველ კვარტალში. კონტეინერები თავიანთ ადგილებს დაუბრუნდებიან, მომხმარებლების ქცევა ნორმალიზდება, ბაზარზე კი ახალი კონტეინერები გამოჩნდებიან.
ზუსტად რა დრო დასჭირდება ამას, რთული სათქმელია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიწოდების ჯაჭვში შექმნილი ერთგვარი „საცობის“ გაწოვას დრო და გარკვეული სტაბილურობა სჭირდება.