ლოგისტიკური გამოწვევები – ტოპ 7

სატრანსპორტო სისტემა და ლოგისტიკა მსოფლიო ეკონომიკის ხერხემალი და მთავარი მამოძრავებელი ძალაა ყველა სექტორისთვის, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო, საწარმოო თუ სერვისის მიმწოდებელი ინდუსტრიებისთვის.

ისევე, როგორც ყველა სხვა სფერო ჩვენს დროში, ლოგისტიკაც მუდმივად იცვლება და ვითარდება. ტექნოლოგიური წინსვლა მნიშვნელოვნად ცვლის მომხმარებლის მოთხოვნებსა და სახელმწიფო რეგულაციებს. საერთო ჯამში, ინდუსტრიის მომავალი საკმაოდ ოპტიმისტურად გამოიყურება, თუმცა ზოგი კომპანია მარტივად ვერ ეგუება ახალ, ცვალებად რეალობას.

ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ იმ ძირითად გამოწვევებს, რომლებიც ლოგისტიკის ინდუსტრიაში ყველაზე აქტუალურია.

ტრანსპორტირების ფასები

ეს საერთაშორისო გადაზიდვების მთავარი პრობლემაა, რადგან ტრანსპორტირებაზე მთლიანი დანახარჯის 30% მოდის. საწვავის ფასის ზრდასთან ერთად ეს მაჩვენებელი ზოგჯერ 50%-მდე აღწევს.

  • გადამზიდავების შემცირება: კომპანიებს შეუძლიათ გადაანაწილონ თავიანთი ბიზნესი უფრო მცირე გადამზიდავებზე და მოილაპარაკონ უფრო დაბალ ტარიფებზე. თუმცა ეს მიდგომა რისკსაც წარმოადგენს – შესაძლოა კომპანია ზედმეტად დამოკიდებული გახდეს გადამზიდავზე.
  • ტვირთების კონსოლიდაცია: ნაკრები ტვირთის გადაზიდვა ეკონომიური გადაწყვეტილებაა, თუმცა ამან შეიძლება გამოიწვიოს გადაზიდვების დაგვიანება, რაც გავლენას მოახდენს მომხმარებელთა კმაყოფილებაზე.
  • საწვავის ხარჯების შემცირება: კომპანიებმა შეიძლება ვერ შეძლონ საწვავის ფასების კონტროლი, მაგრამ საწვავის ხარჯების კონტროლი მათთვის ნამდვილად არის შესაძლებელი.

საერთაშორისო გადაზიდვების პროგრამულ უზრუნველყოფას შეუძლია მოგვცეს გარანტია, რომ სატვირთო გადამზიდავები იმოძრავებენ უმოკლეს, ყველაზე ეფექტურ მარშრუტებზე – რაც საშუალებას მისცემთ წინასწარ გაითვალისწინონ ყველა რეგულაცია და შეზღუდვა, მოძრაობის შეფერხება და ა.შ.

ეს არამარტო ამცირებს გასავლელ მანძილს, ტრანსპორტის ცვეთისა და საწვავის ხარჯებს, არამედ ამცირებს საფრთხეს.

მომხმარებლის მომსახურების გაუმჯობესება

დღესდღეობით, როცა ბაზარი დინამიკური და კონკურენტულია, მიწოდების ჯაჭვი კი კიდევ უფრო კომპლექსური, მომხმარებლის მოლოდინიც შესაბამისად იცვლება. ისინი ლოგისტიკური კომპანიისგან ითხოვენ არამხოლოდ მარშრუტის სწორად შერჩევასა და ტვირთის დროულად გადაზიდვას, არამედ დახმარებას სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში. ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი კომუნიკაცია და ინფორმაციის განახლებაც.

ეს ნიშნავს, რომ ასეთ კომპანიაში მომუშავე ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი უნარები და განწყობა, რომ ყველა მომხმარებელმა ერთნაირი, დადებითი გამოცდილება მიიღოს. ამასთან, კომუნიკაცია საჭიროა ბევრ სხვადასხვა პლატფორმაზე – იქნება ეს პიროვნული ურთიერთობები, სატელეფონო საუბრები, ონლაინ მესიჯები, ელ.ფოსტა თუ სოციალური მედია.

მიწოდების ჯაჭვის ხილვადობის გაუმჯობესება

იმისათვის, რომ გადაზიდვა ყოველ ჯერზე დროულად შესრულდეს, ლოგისტიკურ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ სრული ხილვადობა მიწოდების ჯაჭვის ყველა ასპექტში:

გადაზიდვებს მუდმივი მონიტორინგი სჭირდებათ. დარწმუნდით, რომ იცავთ დანიშნულ მარშრუტს და განრიგს. შეფერხებების შემთხვევაში, უსწრაფესად უნდა მიიღოთ შეტყობინებები რომ  უმოკლეს დროში შეძლოთ საჭირო ზომების მიღება. განახლებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მომხმარებელსაც, სასურველია შეძლონ ტვირთის თვალყურისდევნება ვებ-პორტალზეც.

ლოგისტიკის კომპანიებს სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მთელი პროცესის შესახებ – იქნება ეს ინვენტარის მიღება, შენახვა, შეკვეთის მართვა, დასრულება თუ გადაზიდვა. მხოლოდ ასე შეძლებენ შესაბამისად დაგეგმონ თავიანთი სამუშაო ძალა.

ფინანსური მხარე

ლოგისტიკური კომპანიებისთვის მიწოდების ჯაჭვის ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომა მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყონ ბიზნესის გამართული საქმიანობა და ფულადი ნაკადების ოპტიმიზაცია. განსაკუთრებით კი გეოპოლიტიკური დაძაბულობის, მოულოდნელი საბაჟო მოვალეობების, გაცვლითი კურსის რყევების, ბუნებრივი კატასტროფების და სხვა საკითხების გასათვალისწინებლად.

როგორც წესი, ფინანსები საჭიროა აკრედიტივების, ღია ანგარიშების, სატვირთო აუდიტის გადასახდელებისათვის და ა.შ.

სატვირთო ინვოისების შემოწმება არასოდეს ყოფილა მარტივი – ტარიფები მრავალფეროვანი და რთულია, გადახდის შეფერხებამ კი შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გამგზავნებზე.

გავლენა ეკონომიკაზე

პოლიტიკური არასტაბილურობა, წარმოების სექტორის მუშაობის შემცირება, სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდა, ინფლაცია, სახელმწიფო რეგულაციები და ა.შ. საგრძნობლად ამცირებს მოთხოვნას სხვადასხვა პროდუქტსა თუ სერვისზე, რაც შესაბამისად მოქმედებს ლოგისტიკის სფეროზე. მეორე მხრივ, მთავრობის ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში ზრდის ხელფასებს და მოთხოვნილებას პროდუქტებზე.

ეკოლოგიური ფაქტორი

ეკოლოგიასა და გამონაბოლქვის შემცირებაზე ზრუნვა ყველა თანამედროვე კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. ეს საჭიროა, პირველ რიგში, მთავრობების მიერ დაწესებული რეგულაციების გამო. მეორე მხრივ, გარემოზე ზრუნვა დადებითად აღიქმება საზოგადოების მხრიდან და ხარჯების დაზოგვაშიც გვეხმარება.

კომპანიები ინვესტიციას დებენ მარშრუტისა და დატვირთვის ოპტიმიზაციაში, ასევე, უფრო ფრთხილად ირჩევენ სატრანსპორტო საშუალებებს.

სატვირთო ავტომობილების უახლესი მოდელები გაცილებით მეტ მანძილს ფარავენ ნაკლები საწვავით. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ დანაზოგს ნიშნავს, მაგრამ საჭიროებს თავდაპირველ ხარჯებს.

ტექნოლოგიური განვითარება

ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე ნებისმიერი თანამედროვე ბიზნესი წარმოუდგენელია. სამუშაო ძალა მცირდება, კონკურენცია იზრდება, მომხმარებელი კი უფრო მომთხოვნია, ვიდრე როდესმე. მხოლოდ განვითარების ხარჯზეა შესაძლებელი პროდუქტიულობის ზრდა.

პროცესების ავტომატიზაცია და თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა კომპანიებს საშუალებას აძლევთ 24/7 რეჟიმში აკონტროლონ ტვირთის გადაადგილება და უმოკლეს დროში აღმოფხვრან ნებისმიერი პრობლემა.

ღრუბელზე დაფუძნებული ტექნოლოგიის გამოყენებით, სისტემის გამართვა საკმაოდ ხელმისაწვდომია. მთავარია კომპანიამ შეძლოს და მოიძიოს ისეთი თანამშრომლები, რომლებსაც შეეძლებათ ციფრული სისტემის აწყობა და მართვა, რადგან კვალიფიციური კადრების დეფიციტი ყველა ქვეყანაში შესამჩნევია.

 

კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან ლოგისტიკის ინდუსტრიაში, უნდა ჰქონდეთ მიწოდების ჯაჭვის სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება. ისინი უნდა იყვნენ ფინანსურად სტაბილური, მოქნილი და ღია, გრძელვადიანი მოგების მისაღწევად გონივრული რისკის გასაწევად.

შეუძლია თუ არა ლოგისტიკურ კომპანიას უპასუხოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ გამოწვევას და ამავდროულად იყოს მომგებიანი? რა თქმა უნდა, თუ არ გაჩერდება და მუდმივად იმუშავებს განვითარებაზე. ეს გულისხმობს არამხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკის განახლებას, არამედ თანამშრომელთა დატრენინგებაც.

მუდმივი ევოლუცია – ასე შეიძლება ეწოდოს დღევანდელ ბიზნეს გარემოს, გამონაკლისი, არც ლოგისტიკის ინდუსტრიაა.

 

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY