ელექტრომობილების ისტორია
იცოდით, რომ ელექტრომობილები უფრო ადრე გამოიგონეს, ვიდრე ბენზინისა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები?
ელექტრო ავტომობილების პოპულარობა დღესდღეობით იგივე მიზეზებით იზრდება, რა მიზეზებითაც ისინი პოპულარულები გახდნენ 100 წლის წინ, ამ სტატიაში გაგაცნობთ ელექტრომობილების დაბადებისა და განვითარების ეტაპებს და მნიშვნელოვან ფაქტებს.
ელექტრომობილების დაბადება
რთულია ელექტრომობილის გამოგონება მივაწეროთ რომელიმე კონკრეტულ გამომგონებელს ან ქვეყანას, რადგან მისი გამოგონება და შექმნა იყო მრავალეტაპიანი პროცესი – დაწყებული ბატარეის შექმნით, დამთავრებული ელექტრო ძრავის შემუშავებით, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა 1800 წელს ელექტრო მანქანის შექმნამდე.
მე-19 საუკუნის დასაწყისში უნგრეთში, ნიდერლანდებსა და ამერიკაში გამომგონებლებმა დაიწყეს მუშაობა ბატარეაზე მომუშავე მანქანაზე და შექმნეს ელექტრო მანქანის პატარა მოდელი.
ამავე პერიოდში ბრიტანელმა გამომგონებელმა რობერტ ანდერსონმა შექმნა პირველი ნედლი ელექტროგადამცემი, ხოლო მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ფრანგმა და ინგლისელმა გამომგონებლებმა ააგეს პირველი პრაქტიკული ელექტრო ავტომობილი.
1890 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში უილიამ მორისონის დამსახურებით ელექტრონულ მანქანას ჰქონდა წარმატებული დებიუტი.
მანქანა იტევდა 6 მგზავრს და მისი მაქსიმალური სიჩქარე იყო 14 მილი/საათში.
ამ მოვლენამ გააღვივა ინტერესი ელექტრომობილების მიმართ, შედეგად კი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრმა სხვადასხვა მწარმოებელმა შექმნა ელექტრომობილები ამერიკის შეერთებულ შტატებში.
აღმასვლა და დაცემა – რატომ შეწყდა განვითარება?
1900 წლისთვის, ელექტრომობილების წარმოება მოწოდების სიმაღლეზე იყო. გზაზე მოძრავი ავტომობილების მესამედს სწორედ ისინი შეადგენდნენ. შემდეგი 10 წლის განმავლობაში კი მათი გაყიდვები ნელ-ნელა უფრო და უფრო იზრდებოდა.
ელექტრომობილის პოპულარობის ზრდას ხელი შეუწყო მისმა უპირატესობებმა უკვე არსებულ, ტრადიციულ სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით.
მისი შექმნის პარალელურად, ჯერ კიდევ 1870 წლამდე, არსებობდა ორთქლზე მომუშავე მანქანები, თუმცა პირადი ავტომობილებისთვის ორთქლი არ იყო პრაქტიკული, რადგან ავტომობილს ასამუშავებლად დიდი დრო და წყლით ავსება სჭირდებოდა.
გარდა ამისა, ბაზარზე ელექტრომობილებთან ერთად, ავტომობილების ახალი – ბენზინზე მომუშავე მოდელებიც გამოჩნდნენ, თუმცა ელექტრო მანქანებთან შედარებით მათ სჭირდებოდათ დიდი ძალისხმევა სატარებლად და იყვნენ ზედმეტად ხმაურიანები.
ამ ორი სახის ავტომობილთან შედარებით ელექტრომობილი იყო ჩუმი, მარტივად სამართავი და ეკოლოგიურად სუფთა, ელექტრომობილები სწრაფად გახდა პოპულარული ქალაქის მაცხოვრებლებს შორის, განსაკუთრებით ქალებში. ელექტრო მანქანების პოპულარიზაციას ხელი შეუწყო ელექტრო ენერგიაზე ხელმისაწვდომობის ზრდამ 1910 წლისთვის, რის გამოც მათი დატენვა უფრო ადვილი გახდა.
გამომგონებლებმა სწრაფად აუწყვეს ფეხი ელექტრო მანქანებზე მოთხოვნის ზრდას და ყველანაირად ცდილობდნენ მავტომობილების ტექნოლოგიის გაუმჯობესებას. მაგალითად, 1898 წელს ფერდინანდ პორშემ, რომელიც იყო სპორტული მანქანების კომპანიის დამფუძნებელი, შექმნა ელექტრო მანქანა სახელად „P1“. მალევე მან შექმნა მსოფლიოში პირველი ჰიბრიდი ელექტრომობილი, რომელიც მუშაობდა როგორც ბენზინზე, ასევე ელეტროენერგიაზე.
თომას ედისონი ფიქრობდა, რომ ელექტრომობილი იყო უმაღლესი ტექნოლოგია, ამიტომ მან დაიწყო მუშაობა უკეთესი ელექტრო ბატარეის შექმნაზე. მასთან ერთად მუშაობდა ჰენრი ფორდიც, რომელთან ერთადაც მან დაბალფასიანი ელექტრომობილების ვარიანტების შესწავლა დაიწყო.
თუმცა შემდგომში, სწორედ ჰენრი ფორდის მასიური წარმოების „მოდელი T” გახდა ელექტრომობილების ინდუსტრიის უკან დახევის ერთ-ერთ მიზეზი. „მოდელი T” ბაზარზე გამოჩნდა 1908 წელს და მან ბენზინზე მომუშავე მანქანები მარტივად ხელმისაწვდომი გახადა .
1912 წლისთვის ბენზინზე მომუშავე ავტომობილი – 650$, ხოლო ელექტრომანქანა 1750$ ღირდა. იმავე წელს ჩარლზ კეტერინგმა შექმნა ელექტრო სტარტერი, რომელმაც კიდევ უფრო ძლიერი ბიძგი მისცა ბენზინზე მომუშავე ავტომობილების პოპულარიზაციას.
განვითარების სხვა ეტაპებმაც შეუწყო ხელი ელექტრომობილების გამოყენების შემცირებას. 1920 წლისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა ქალაქებს შორის დამაკავშირებელი გზების უკეთესი სისტემა.
ტეხასში ნავთობის აღმოჩენის შემდეგ, ბენზინი გაიაფდა, ხელმისაწვდომი გახდა სოფლის მოსახლეობისთვისაც და ბენზინგასამართი სადგურების რიცხვმა მთელი ქვეყნის მაშტაბით მკვეთრად მოიმატა, ამის ფონზე ამ დროისთვის ელექტროენერგია ქალაქგარეთ მცხოვრები ამერიკელების ძალიან მცირე ნაწილს ჰქონდა. შედეგად 1935 წლისთვის ელექტრომობილები ბაზრიდან გაქრნენ.
ბენზინის უკმარისობა ელექტროძრავებზე ინტერესს ზრდის
მომდევნო 30 წლის განმავლობაში ელექტრომობილების ინდუსტრიაში ბნელი ხანა დადგა.
იაფი, უხვი ბენზინისა და შიდა წვის ძრავის ინტენსიური გაუმჯობესების გამო ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების საჭიროება აღარ არსებობდა.
თუმცა მალევე ნავთობის გაზრდილი ფასებისა და უკმარისობის გამო – 1973 წელს არაბული ნავთობის ემბარგოს წყალობით – აშშ-ში გაჩნდა ინტერესი სხვა ქვეყნის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებისა და ქვეყნის შიგნით საწვავის მოძიებისადმი.
ამიტომ კონგრესმა მიიღო 1976 წლის ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილების კვლევის, განვითარებისა და დემონსტრაციის აქტი, რომელიც ენერგეტიკის დეპარტამენტის, ელექტრონული და ჰიბრიდული მანქანების კვლევასა და განვითარებაში, ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
ამავე დროს, მრავალმა დიდმა და მცირე ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ დაიწყო ალტერატიულ საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების კვლევა, მათ შორის ელექტრომობილების.
მაგალთად, „General Motors“-მა შეიმუშავა ელექტროძრავის პროტოტიპი, რომელიც წარმოდგენილ იქნა გარემოს დაცვის სააგენტოს პირველ სიმპოზიუმზე ნალებად დამაბინძურებელ ენერგიაზე მომუშავე სისტემების შესახებ 1973 წელს.
„American Motor Company“-მ გამოუშვა ელექტრო ჯიპები, რომლებსაც 1975 წელს აშშ-ს საფოსტო სერვისი იყენებდა საცდელ პროგრამაში.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილი დაბრუნა ასპარეზზე, მას მაინც ბევრი ნაკლოვანება ჰქონდა ბენზინზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით.
ეკოლოგიური პრობლემები ზრდის ელექტრომობილების პოპულარობას
1990 წლის სუფთა ჰაერის აქტის შესწორების, 1992 წლის ენერგიის პოლიტიკის აქტისა და კალიფორნიის ჰაერის რესურსების საბჭოს მიერ შექმნილი ახალი სატრანსპორტო რეგულაციების წყალობით ინტერესი ელექტრომობილებისადმი აშშ-ში კიდევ ერთხელ განახლდა.
ავტომობილების მწარმოებლებმა დაიწყეს თავიანთი პოპულარული მოდელების გადაკეთება ელექტრომობილებად.
ეს ნიშნავდა, რომ ელექტრომობილების სიჩქარე და მუშაობის ხარისხი მიუახლოვდა ბენზინზე მომუშავე ავტომობილების სიჩქარესა და ხარისხს, ზოგიერთი მათგანის სიჩქარემ 60 მილი/სთ-ს მიაღწია.
ამ დროისთვის ყველაზე ცნობილი ელექტრომობილი იყო General Motors-ის „EV1“ მოდელი. უვკე არსებული ავტომობილის გადაკეთების მაგივრად General Motors-მა თავიდან შექმნა „EV1“ მოდელი, რომლის სიჩქარეც 80 მილი/სთ იყო და შეეძლო განევითარებინა 50 მილი/სთ სიჩქარე სულ რაღაც 7 წამში. „EV1“-მა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, მაგრამ წარმოების მაღალი ხარჯების გამო, ის ვერასდროს გახდა კომერციულად ეფექტური, რის გამოც General Motors-მა მისი წარმოება 2001 წელს შეწყვიტა.
ახალი ერა ელექტრომობილებისთვის
მიუხედავად იმისა, რომ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ელექტრომობილების ინდუსტრიის ყველა დასაწყისმა და დროებითმა შეჩერებამ მსოფლიოს კარგად დაანახა ტექნოლოგიის და ელექტრონული ტრანსპორტის მნიშვნელობა, ელექტრომობილების ინდუსტრია რეალურად, მხოლოდ 21-ე საუკუნის დასაწყისში აღორძინდა.
ელექტრომობილებისადმი ინტერესის გაღვივებას ორ ძირითად მოვლენას მიაწერენ:
პირველი გადამწყვეტი მომენტი იყო Toyota Prius-ის გაჩენა ბაზარზე, რომელიც პირველად 1997 წელს იაპონიაში გამოვიდა. Prius გახდა მსოფლიოში პირველი მასიური წარმოების ჰიბრიდული ელექტრომობილი. 2000 წელს კი, მან მთელი მსოფლიო მოიცვა.
იმისათვის, რომ Toyota-ს Prius რეალობად ექცია, მან გამოიყენა ნიკელის ჰიბრიდული ბატარეა. ამის შემდეგ კი, ბენზინის ფასების ზრდამ და ნახშირბადით გარემოს დაბინძურების საგანგაშო მდგომარეობამ ხელი შეუწყო Toyota Prius გამხდარიყო ბოლო ათწლეულის ყველაზე გაყიდვადი ჰიბრიდი მსოფლიოში. (აშშ-ში 1999 წელს პირველად გაყიდული ჰიბრიდი ეკუთვნოდა Honda-ს) .
მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც გადატრიალება მოახდინა ელექტრომობილების ინდუსტრიაში, იყო 2006 წლის განცხადება, რომ Tesla Motors დაიწყებდა მდიდრული სპორტული ელექტრო მანქანის წარმოებას, რომელიც განავითარებდა 200 მილი/სთ სიჩქარეს. 2010 წელს Tesla-მ მიიღო 465 მილიონი დოლარი სესსი ენერგიის დეპარტამენტისგან. აქედან მოკლე დროში, Tesla-მ მოიპოვა მსოფლიო აღიარება და გახდა ავტო ინუდსტრიის უდიდესი წარმომადგენელი კალიფორნიაში.
მრავალი საავტომობილო კომპანიისთვის Tesla-ს წარმატება იქცა გამოწვევად და სტიმულად, რომ მათ უფრო აქტიურად ემუშავათ თავიანთ ელექტრომობილებზე. 2010 წელს აშშ-ს ბაზარზე გამოჩნდნენ ჰიბრიდი Chevy Volt და სრულად ელექტრო ენერგიაზე მომუშაავე Nissan LEAF.
ელექტრომობილების გამოყენებასთან ერთად გაჩნდა მათი დატენვის პრობლემა, ამიტომ, ენერგიის დეპარტამენტმა ჩადო 115 მილიონი დოლარი ინვესტიცია დასატენი ინფრასტრუქტურის მოწყობაში მთელი ქვეყნის მაშტაბით, შედეგად გაჩნდა 18000-მდე დამტენი მოწყობილობა და მწარმოებელი კომპანიების საკუთარი დასატენი წერტილები აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე.
ეტაპობრივად დაიკლო ელექტრომობილების ფასმაც და იგი უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მომხმარებლებს უვკე ფართო არჩევანი აქვთ ელექტრომობილის შეძენისას – არსებობს 23 დასატენი ელექტრომობილისა და 36 ჰიბრიდის მოდელი ზომების მიხედვით – დაწყებული ორი მგზავრისთვის განკუთვნილი Smart ED-ით, დამთავრებული BMW i3-ით.
ბენზინის ფასის ზრდის და ელექტრომობილების ფასის კლების პარალელურად ელექტრო ტრანსპორტის პოპულარობა სწრაფად იზრდება.
რთულია იმის თქმა, თუ საით წაიყვანს მომავალი ელექტრომობილების ინდუსტრიას და რას უქადის მას, მაგრამ ერთი რამ ნათელია, რომ ელექტრომობილებს აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი შექმნან მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა მომავალი.
დღემდე ელექტრო- მობილების განვითარებას წარსული მართავდა, მომავალს კი, ალბათ, პირიქით – ელექტრომობილები მართავენ.
რას ფიქრობთ, რა გველის წინ- ჩაანაცვლებენ ელექტრომობილები ბენზისა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებს?