საზღვაო ლოგისტიკა ძველ რომში

ყველა გზა რომში მიდის

რომაული ცივილიზაციის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა დასავლური ცივილიზაციის განვითარება და ეს ერთი გამონათქვამითაც გამოიხატება- ყველა გზა მიდის რომში.

უძველესი რომაელები ამაყობდნენ იმ საგზაო სისტემით, რაც შექმნეს იმპერიის გარშემო.

 

სწორედ ამ გამოცდილებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა საზღვაო ლოგისტიკის ჩამოყალიბებაშიც. ჯერ კიდევ ძვ.წ მე-3 საუკუნეში რომი მიხვდა, რომ მის გარშემო არსებული ზღვის გამოყენება სარგებლიანად შეეძლო და ხმელთაშუა ზღვა ბედის საჩუქრად ჩათვალა.

იმპერიამ მას “ჩვენი ზღვა“ უწოდა და აქედან დაიწყო დიდებული ისტორიაც. მას შემდეგ, რაც ეგვიპტე დაეცა რომმა სრული საზღვაო ძალაუფლება მოიპოვა. არც მანამდე და არც მის შემდგომ მსგავსი რამ არ მომხდარა.

ამ დომინანტობამ მას მოუტანა ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იმპერიის არსებობის ისტორიაში.

შესაბამისად, რომის იმპერია იყო პირველი და ერთადერთი, რომელიც აკონტროლებდა მთლიან ხმელთაშუაზღვასა და მის სანაპიროებს. ამის დახმარებით, ის წარმატებით ახორციელებდა იმპორტს. შემოჰქონდა მარცვლეული ჩრდილოეთ აფრიკიდან, პორფირი წითელი ზღვიდან, კალა ბრიტანეთიდან, ღვინო საბერძნეთის კუნძულ სამოსიდან და ზეთისხილის ზეთი ესპანეთიდან.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ იმპორტის გარეშე რომი ვერ შეძლებდა მისი მოსახლეობის გამოკვებას, ამიტომ სავაჭრო ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

რა თქმა უნდა, მსგავსი სავაჭრო სისტემა მოითხოვდა დიდ ფინანსურ რესურსებს, რასაც ძლევამოსილი იმპერია კარგად უმკლავდებოდა კიდეც.

უძველეს რომში ლოგისტიკის კომპლექსური ჯაჭვის თითოეული ეტაპი ძალიან კარგად იყო დაგეგმილი და წარმატებით ხორციელდებოდა გადაზიდვები.

რომს ხორბალი და ზეთისხილის ზეთი, ძირითადად, ჩრდილოეთ აფრიკის, ტრიპოლიტანიას პროვინციიდან (დღევანდელი ლიბია) შემოჰქონდა. ზეთს რომაელები სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ, როგორც საკვებად და საწვავად სინათლის მისაღებად, ისე მხატვრობასა და თავის მოვლის საშუალებებში.

გემთმშენებლობა

დღეს, როდესაც გემთმშენებლობა მიმდინარეობს მეცნიერების დახმარებით, კომპიუტერებისა და დახვეწილი ხელსაწყოების გამოყენებით, ძველ რომში ეს პროცესი, ფაქტობრივად, ხელოვნების დონეზე იყო აყვანილი, რასაც ხელს უწყობდა მემკვიდრეობით მიღებული პრაქტიკა და გამოცდილება და ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ინჟინრული მეცნიერებაა. რომაელები არ იყვნენ ტრადიციული მეზღვაურები, უფრო მეტად მიწას ეკუთვნოდნენ. ამიტომ გემების მშენებლობა ისწავლეს მათ მიერ დაპყრობილი კართაგენელებისგან, ასევე ბერძნებისა და ეგვიპტელებისგან.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი გემების ნაწილების მიხედვით, რომაელები გემთმშენებლობას იწყებდნენ ჩენჩოს აშენებით, შემდეგ გადადიოდნენ გემის ,,ჩონჩხსა“ და სხვა ძირითად ნაწილებზე. უკვე პირველი საუკუნიდან ეს თანმიმდევრობა შეცვალეს და დღემდე ეს მეთოდი გამოიყენება- პირველ რიგში აშენებენ გემის ,,ჩონჩხს“.

რომაელები აშენებდნენ, როგორც სამხედრო, ასევე სავაჭრო გემებს.

სავაჭრო გემების მთავარი დანიშნულება იყო ტვირთების გადაზიდვა შორ მანძილებზე.

ეს უნდა ყოფილიყო, რაც შეიძლება იაფი საშუალება, ამიტომ, სამხედრო გემებისგან განსხვავებით, სისწრაფე და მანევრირება არ იყო პრიორიტეტული. საშუალოდ, გემებს შეეძლოთ 100-დან 150 ტონამდე ტვირთის გადატანა. პატარა გემის ტევადობა დაახლოებით 70 ტონას შეადგენდა, მაშინ როდესაც ყველაზე დიდ გემს, სიგრძით 150 ფუტი, შეეძლო 600 ტონა ტვირთის ტრანსპორტირება.

გადასაზიდი ტვირთები მოიცავდა, როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ასევე ნედლეულს.

უძველესი რომაელები აშენებდნენ ისეთი ტიპის სავაჭრო გემებს, რისი გამეორებაც მე-16 საუკუნემდე ვერცერთმა ქვეყანამ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მათი გამოყენება ხდებოდა ნიჩბოსნობისთვისაც.

ისევე, როგორც გემთმშენებლობა, მათი ნავიგაციის სისტემაც არ ყოფილა დამოკიდებული რაიმე ხელსაწყოზე, მაგალითად ჯიპიესსა ან კომპასზე, არამედ ადგილობრივ ცოდნასა და ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვებით რომაელები ძალიან კარგად ახერხებდნენ ზღვაში ლავირებას.

რაც შეეხება საბრძოლო გემებს. მათი თავისებურებიდან გამომდინარე იყო მაქსიმალურად სწრაფი, მსუბუქი და მანევრირებადი. საბრძოლო დაპირისპირების შედეგად დაზიანების შემთხვევაში არ იძირებოდა, არამედ ზედაპირზე იშლებოდა.

ამრიგად, თანამედროვე ლოგისტიკას საფუძველი უძველესმა ცივილიზაციებმა ჩაუყარა. ძველი რომისა და საბერძნეთის როლი განუსაზღვრელად დიდია, როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო გადაზიდვებში.

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY