ლოგისტიკა ძველ საბერძნეთში
ძველი საბერძნეთის ისტორიაში ხმელთაშუა ზღვას ცენტრალური ადგილი უჭირავს. მოგზაურობისა და ტვირთის გადატანისთვის ეს ყველაზე ეფექტური და ეკონომიური საშუალება იყო მისი მარტივი სანავიგაციო წყლებიდან და ბუნებრივი ნავსაყუდებლებიდან გამომდინარე.
საზღვაო ტრანსპორტს თავისი ნაკლოვანებები ჰქონდა – ბერძნული გემების უმეტესობას ცურვა მხოლოდ გვიანი გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე შეეძლოთ. არახელსაყრელი ამინდი მოგზაურობას მნიშვნელოვნად ართულებდა სხვა პერიოდში. ამიტომ, ხომალდები მხოლოდ საგანგებო სიტუაციებში გადიოდნენ ზღვაში, როგორიცაა ომის დროს ჯარისკაცების გადაყვანა ან საკვები პროდუქტების გადაზიდვა სერიოზული დეფიციტის შესამსუბუქებლად.
ბერძნული საზღვაო ტრანსპორტი მენიჩბეების ან აფრების საშუალებით გადაადგილდებოდა. შესაბამისად, ქარის მიმართულებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა მეკობრეობაც.
საომარ მდგომარეობაში ბერძნები მხოლოდ ისეთ გემებს იყენებდნენ, რომლებსაც მენიჩბეები მართავდნენ, რომ რთულ სიტუაციაში ქარის იმედად არ დარჩენილიყვნენ. ტვირთის გადასატანად კი აფრებიანი ხომალდი უფრო ხელსაყრელი იყო, რადგან მას ნაკლები ადამიანი სჭირდებოდა სამართავად და ადგილიც მეტი იყო.
ყველაზე რთულად გადასატანი ტვირთი სამშენებლო ქვა იყო. აქტიურად გადაიზიდებოდა მარცვლეული, ღვინო, ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი, თხილეული და თაფლიც. სამგზავრო დანიშნულების გემებმა საკმაოდ გვიან დაიწყეს ცურვა. იქამდე, მოგზაურები სანაპიროებზე გადიოდნენ და ეძებდნენ ხომალდებს, რომლებიც მათთვის სასურველ ადგილას მიდიოდნენ. მათ თან უნდა ჰქონოდათ საკუთარი საკვები და სხვა ყველაფერი, რაც მგზავრობისთვის დასჭირდებოდათ.
ანტიკური სამყაროსთვის სახმელეთო ტრანსპორტი გაცილებით ძვირი და რთული გამოსაყენებელი იყო. საბერძნეთის მთიანი ტერიტორია ბევრ წინააღმდეგობას უქმნიდა მოგზაურებს. შესაბამისად, მას მხოლოდ ისეთ შემთხვევებში მიმართავდნენ, როდესაც სხვა გამოსავალი არ იყო.
სახმელეთო ტრანსპორტის ორი მთავარი სახეობა ორბორბლიანი ურიკა და ოთხბორბლიანი ფურგონი იყო, რომლებშიც ხარები, ჯორები ან ცხენები იყვნენ შებმულნი. ორბორბლიან ურიკებს სამოგზაურო ან მცირე მოცულობის ტვირთის გადასატანი ფუნქცია ჰქონდათ, შორ მანძილებზე კი ბერძნები ფურგონებს მიმართავდნენ. კიდევ უფრო რთულ მარშრუტებზე ადამიანები ფეხით ან ცხოველების დახმარებით გადაადგილდებოდნენ.