რა არის ყინულმჭრელი გემი და როგორ მუშაობს?
გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი რგოლი, საზღვაო გადაზიდვების ინდუსტრია ათასობით ხომალდს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ. მათი უმრავლესობა ტვირთის გადატანას ემსახურება, თუმცა არანაკლებ დიდი წილი უჭირავთ სამგზავრო და საკრუიზო გემებს. ცალკე კატეგორიაში გადის ხომალდის ერთი სახეობა, რომელიც ყველა სხვისგან განსხვავდება.
სამყაროში, რომელიც ყოველდღიურად მჭიდროვდება, ყინულმჭრელი გემები გვიხსნიან გზას ჯერაც ხელუხლებელი ტერიტორიებისკენ.
რას წარმოადგენს ყინულმჭრელი გემი?
ყინულმჭრელი გემი საზღვაო ტრანსპორტის სპეციალური დანიშნულების სახეობაა, რომელიც შექმნილია ჩვენი პლანეტის ყველაზე სახიფათო წყლებში ნავიგაციისთვის. გემის სპეციფიკური ფორმის წყალობით გემს შეუძლია ნებისმიერი სისქის ყინული გაარღვიოს, განსაკუთრებული სიმძლავრე კი პოლარულ რეგიონებში მოსალოდნელი საფრთხეებისგან იცავს.
ისეთი ტრანსპორტის შექმნის იდეა, რომელიც არქტიკის ზღვებსა და ციმბირის მდინარეებში გადაადგილებას შეძლებდა ახალი არაა – ცნობილია, რომ პირველი ყინულმჭრელები ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში ააგეს ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანის სანაპიროების მაცხოვრებლებმა.
დღევანდელი ყინულმჭრელების მთავარი მისია სავაჭრო მარშრუტების ყინულისგან გათავისუფლებაა, რომ სატვირთო ხომალდებმა დაბრკოლების გარეშე მიაღწიონ დანიშნულების ადგილამდე.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე გადამზიდები გაცილებით უკეთ არიან მომზადებულნი რთული გზების გასავლელად, ზოგიერთი მონაკვეთი კვლავ დიდ სირთულეს წარმოადგენს. სწორედ ასეთ შემთხვევებში ხდება საჭირო ყინულმჭრელის გამოყენება. ამას გარდა, ასეთ გემები ხშირად ეხმარებიან პოლარულ რეგიონში მომუშავე მეცნიერებს, რომლებიც მკაცრ კლიმატში სხვადასხვა კვლევებს ატარებენ.
ბირთვული ყინულმჭრელი
ბირთვული ყინულმჭრელი უახლესი ტექნოლოგიების მაგალითია, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურად ასრულებს თავის ფუნქციას.
ყინულის ჭრა საკმაოდ ძვირადღირებული საქმიანობაა, პირველ რიგში საწვავის ფასის გამო. საშუალოდ, ყინულმჭრელი, რომელიც რუსეთში, გაყინულ წყლებში 3-მეტრი სისქის ყინულს ებრძვის დღეში 100 ტონა საწვავს მოიხმარს. ეს უძვირესი მომსახურებაა ისეთი შემოსავლიანი ინდუსტრიისთვისაც კი, როგორიც ნავთობის მოპოვებაა.
ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ასეთ სიტუაციაში ბირთვული ყინულმჭრელების გამოყენება პრობლემის ეფექტური გადაწყვეტაა. იგივე სამუშაოს შესრულებისთვის მას ერთ კილოგრამზე ნაკლები ურანი დასჭირდებოდა. ბირთვული ყინულმჭრელი გემებიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი მნიშვნელოვნად აღემატება წარმოების საწყის ღირებულებას.
ამჟამად, ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე 8 ყინულმჭრელი ფუნქციონირებს და ყველა მათგანი რუსეთის მფლობელობაშია.
როგორ მუშაობს ყინულმჭრელი?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყინულმჭრელი გემების ძალა მათ დიზაინსა და სტრუქტურაშია. მათი წონა, მოცულობა და სიმძლავრე არღვევს ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდ ყინულის მასებს და სხვა გემებს უსუფთავებს გზას. სხვა ხომალდებისგან განსხვავებით, მათ მომრგვალებული კორპუსი აქვთ, რომელიც მარტივად სრიალებს ყინულის ზედაპირზე, ზეწოლის შედეგად კი ყინული იმსხვრევა.
ყინულმჭრელების სისუსტეები
პოლარულ რეგიონებში ყინულმჭრელი შეუცვლელია, თუმცა ჩვეულებრივ წყლებში ის ფაქტობრივად უსარგებლოა. მისი მომრგვალებული კორპუსი ტალღებს წინააღმდეგობას ვერ უწევს და ისინი მას მთელი სიმძლავრით ეხეთქებიან, შედეგად კი მისი მანევრირება მნიშვნელოვნად რთულდება.