კლიმატის ცვლილების გავლენა ლოგისტიკაზე

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ლოგისტიკის ინდუსტრია ისეა აწყობილი, რომ მაქსიმალურად მოერგოს ადგილობრივ კლიმატს. ინფრასტრუქტურის დაგეგმარებისას ინჟინრები ისტორიულ მონაცემებს ეყრდნობიან ამინდისა და სტიქიური მოვლენების შესახებ. მაგალითად, აშშ-ში ხიდები გათვლილია გაუძლოს ისეთ ძლიერ ქარიშხლებს, როგორიც შესაძლოა 100 წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ წარმოიქმნას.

კლიმატის სწრაფი ცვლილება ინფრასტრუქტურის მოწყობას მნიშვნელოვნად ართულებს, რადგან ექსპერტებს უფრო და უფრო უჭირთ მომავალი საფრთხეების განსაზღვრა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელია სტიქიური უბედურებების გახშირება და მათი მასშტაბების ზრდა. მაგალითად, დიდი ალბათობით, მოიმატებს ზღვის დონე და უფრო ხშირად დაიტბორებიან სანაპირო ზოლები, მოიმატებს ნალექისა და სითბური ტალღების ინტენსივობა და ა.შ.

მსგავსი მოვლენები, შესაძლოა მარტივად გახდნენ ტვირთის დაგვიანების, დაკარგვის, დაზიანების მიზეზები. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, რომელიც ახლა შენდება ან ოპტიმიზაციის მოლოდინშია მზად უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი 50 წლის მანძილზე მოსალოდნელი ნებისმიერი საფრთხისათვის.

სახმელეთო გადაზიდვა

მაღალი ტემპერატურა საკმაოდ აზიანებს გზის საფარს, განსაკუთრებით კი მაღალი გამავლობის მარშრუტებზე. ძლიერი სიცხის და წვიმების გამო შესაძლოა დაგვიანდეს დაზიანებული გზების შეკეთება და ახალი გზების გაყვანაც. მეორე მხრივ, მოსალოდნელია, რომ გაიზრდება იმ გზების გამავლობა, სადაც პრობლემას დიდთოვლობა და სიცივე წარმოადგენდა. ხარჯები დაიზოგება ამ გზების გაწმენდისა და მოვლის კუთხით.

საჰაერო გადაზიდვა

კლიმატის ცვლილება შეეხება თვითმფრინავებსა და აეროპორტებსაც. ძლიერი სიცხის გახანგრძლივებული პერიოდები აზიანებენ თვითმფრინავებს და იწვევენ ფრენების გადადებას, გაუქმებას და შეზღუდვების დაწესებას. ძლიერი წვიმა, თოვლი ან ქარიშხალი კი აქამდეც ბევრჯერ გამხდარა არაერთი აეროპორტის რამდენიმე დღით დახურვის მიზეზი.

საფრთხე ემუქრება ინფრასტრუქტურასაც – აეროპორტები და ასაფრენი ბილიკები, რომლებიც ზღვის ან ოკეანის ახლოს მდებარეობენ, დატბორვის საფრთხის წინაშე დგანან.

საზღვაო გადაზიდვა

საზღვაო გადაზიდვისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სირთულეები ყველაზე ხელშესახებია – გემების ფუნქციონირებაზე დიდ გავლენას ახდენს ამინდი. ერთი მხრივ, ტემპერატურის მომატებამ შესაძლოა შეამციროს ყინული და გახსნას ისეთი გზები, რომლებიც ახლა მიუწვდომელია ან მინიმუმამდე დაიყვანოს ყინულმჭრელის საჭიროება. ეს კი შეამცირებს ტვირთის გადატანის ვადებსა და გარკვეულ რისკებს. მოსალოდნელია ისიც, რომ ზღვის დონის მომატებით გაფართოვდებიან საზღვაო გზები და უფრო დიდი გემების მიღებას შეძლებენ. ეს არ შეეხება შიდა წყლებს – მდინარეებსა და ტბებში წყლის დონის კლებაა ნავარაუდევი, შესაბამისად აქ ტვირთისა და გემების მოცულობის შემცირება იქნება საჭირო.

მთავარ საფრთხეს საზღვაო ლოგისტიკაში ნალექის მატება წარმოადგენს. შტორმებისა და ქარიშხლების ინტენსივობის ზრდა დააზიანებს პორტებსა და ნავსადგურებს. საჭირო გახდება მათი დიდი ნაწილის გადაკეთება – ამაღლება და გამაგრება – ან თავიდან აშენება.

ექსტრემალური სტიქიური მოვლენები, სავარაუდოდ, ხშირად გახდებიან ტვირთის დაგვიანების ან დაზიანების მიზეზიც. 

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY