თვირთმართვადი სატვირთოები
კომპანიები, როგორიცაა Tesla, Uber, Cruise და Waymo გვპირდებიან ისეთ მომავალს, სადაც მანქანები ძირითადად მობილური რობოტების სახით იქნებიან წარმოდგენილი და სმარტფონების გამოყენებით, მხოლოდ რამდენიმე ღილაკზე ხელის დაჭერით, მიგვიყვანენ ჩვენთვის სასურველ დანიშნულების ადგილამდე.
მანამდე კი სატვირთო მანქანები ნელ-ნელა და ჩუმად დგამენ ნაბიჯებს ამ განვითარებისკენ. თვითმართვადი სატვირთოები დიდ გარდატეხას მოახდენს ლოგისტიკის სფეროში.
როგორც ამბობენ თვითმართვადი სატვირთოები სწორ დროს ეშვებიან მოხმარებაში, რადგან ონლაინ გაყიდვების ბუმი და მომხმარებლისთვის სწრაფი მიწოდების სერვისის მნიშვნელობა ქმნის დაძაბულ გარემოს მიწოდების ჯაჭვში, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ამერიკა, დაახლოებით, 80,000 სატვირთო მძღოლის დეფიციტს განიცდის.
კერძო ინვესტორები, რომლებმაც Pitchbook-ის მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 9 მილიარდი დოლარი დახარჯეს აშშ-ს AV სატვირთო კომპანიებში, იმედოვნებენ, რომ თვითმართვადი სატვირთო მანქანები მალე აიღებენ სტარტს. ტექნოლოგიის შემმუშავებელ კომპანიებს შორისაა TuSimple Holdings Inc (TSP.O), Aurora Innovation Inc (AUR.O), Embark Technology Inc (EMBK.O) და Alphabet Inc-ის (GOOGL.O) Waymo. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსხვილი ლოგისტიკური კომპანიები ჯერ-ჯერობით არ ჩქარობენ ხანგრძლივი კონტრაქტების გაფორმებას. ისინი კვლავ განაგრძობენ გარკვეული ტექნოლოგიების ტესტირებას.
ამ პროცესში ჩართული კომპანიების განცხადებით, მათ შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია უსაფრთხოდ მართოს 33,000 ფუტი (15,000 კგ) სატვირთო მანქანა გადატვირთულ გზატკეცილზე და ნელ-ნელა მიისწრაფვიან კომერციული გაშვებისკენ. ექსპერტები თვლიან, რომ ამერიკული 2.3 მილიონიანი სატვირთოების ბაზარზე რობო-სატვირთოების გაშვებას გარკვეული დრო დასჭირდება. სავარაუდოდ, მომდევნო ათწლეულში რამდენიმე ასეული ათასი სატვირთოს გაშვება მოხდება. ლოგისტიკური კომპანიები იმედოვნებენ, რომ ერთ დღესაც თვითმართვადი სატვირთოები დიდ მანძილზე გადაადგილებას დაიწყებენ, თუმცა უკვე არსებული სამუშაო ადგილების ჩანაცვლება არ მოხდება.
TuSimple ამტკიცებს, რომ მისი მიდგომა რობო-სატვირთოების მიმართ უნიკალურია, რადგან მისი აღჭურვილობა შექმნილია კონკრეტულად სატვირთო მანქანებისთვის. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვეულებრივი მანქანებისგან განსხვავებით სატვირთოების დინამიკა და ფუნქციონალური ქცევა ძალიან განსხვავებულია.
ყველაზე დიდი განსხვავება ისაა, რომ სატვირთო მანქანებს უნდა შეეძლოთ წინასწარ შეიგრძნონ თუ რა მანძილიდან დაიწყონ გაჩერება. ლიდარის 200 მეტრიანი პრაქტიკული დიაპაზონი, რომელსაც თვითმართვადი მანქანების უმეტესობა იყენებს ძირითად სენსორად, უბრალოდ არ არის საკმარისი სრულად დატვირთული სატვირთო მანქანისთვის, რომელიც მოძრაობს საათში 120 კილომეტრით.
ამის ნაცვლად, TuSimple ეყრდნობა HD კამერას, რომლებიც 1000 მეტრით წინ იყურებიან, როდესაც ეს შესაძლებელია. ამის დახმარებით, სისტემას შეუძლია აღმოაჩინოს სხვა სატრანსპორტო საშუალებები და დაითვალოს მათ შორის მანძილი. ეს დაახლოებით ორჯერ მეტ შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე პროფესიონალ სატვირთო მანქანების მძღოლებს აქვთ, მართვის დროს.
რობო-სატვირთო მანქანები მუხრუჭებს უფრო იშვიათად გამოიყენებენ, ვიდრე სატვირთო მანქანები, რომლებსაც მართავენ მძღოლები.
ეს კი გამოიწვევს საწვავის ეკონომიის გაუმჯობესებას, დაახლოებით, 10 პროცენტით. უფრო სტაბილური მგზავრობა, ზოლში ნაკლები გადაადგილებები ზრდის ეფექტურობას და ასევე მინიმუმამდე დაჰყავს საბურავების ცვეთა.
2024 წლისთვის TuSimple გეგმავს მიაღწიოს მე-4 დონეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის სატვირთო მანქანებს შეეძლებათ იმუშაონ მძღოლის გარეშე შეზღუდულ პირობებში, რაც შეიძლება გულისხმობდეს ამინდს ან წინასწარ შედგენილ მარშრუტებს.
Pitchbook-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გლობალური AV სატვირთო მანქანების ბაზარი 2023 წელს დაახლოებით იქნება 530 მილიონი დოლარი, ხოლო 2035 წლისთვის 167 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
სატვირთო მანქანები გვთავაზობენ ტვირთის რაოდენობის გაზრდის პოტენციალს და ხარჯების შემცირებას. ამასთან, რობოტები, ადამიანებისგან განსხვავებით, არ საჭიროებენ სავალდებულო 11-საათიან ყოველდღიური მართვის ლიმიტს. ამრიგად, ტექნოლოგიური ინოვაციები უკვე აღარ წარმოადგენს სამეცნიერო ნაშრომებს, ეს 21-ე საუკუნის რეალობაა.